საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

განცხადება საქართველოს ეკონომისტთა ეროვნული კონფერენციის შესახებ

პატივცემულო კოლეგებო, საქართველოს ეკონომისტთა ეროვნული კონფერენცია გახდა ტრადიციული, მოთხოვნადი და, მონაწილეების აზრით, საკმაოდ საინტერესო. კონფერენცია თავისი თემატიკით ეძღვნება ყველაზე აქტუალურ და ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პრობლემატიკას. 
ჩვენი ჩანაფიქრით, კონფერენცია ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს მონაცვლეობით ჩვენი ქვეყნის დედაქალაქსა და საუნივერსიტეტო ქალაქებში - რეგიონულ ცენტრებში. I ეროვნული კონფერენცია 2018 წელს ჩატარდა ევროპის უნივერსიტეტში (თბილისი), II ეროვნული კონფერენცია 2019 წელს - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, III ეროვნული კონფერენცია 2020 წელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წელს კი, ეკონომისტის დღეს - სექტემბრის მეორე პარასკევს, 10 სექტემბერს გადაწყვეტილი იყო IV ეროვნული კონფერენცია ჩატარებულიყო გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.
სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტში შემოსულია საკონფერენციო მასალები - აბსტრაქტები და სტატიები. გორის უნვერსიტეტში უკვე ჩატარებულია გარკვეული საორგანიზაციო სამუშაოები. ამასთან ერთად, ყველასთვის ცნობილია პანდემიის უაღრესად  გაზრდილი რისკები, რაც შეუძლებელს ხდის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეალურ სივრცეში კონფერენციის ჩატარებას.
დისტანციური მუშაობა, თავისი არსით, აკნინებს ეროვნული კონფერენციის მიზანს, რომ ყოველწლიურად მოხერხდეს საქართველოს ეკონომისტთა უშუალო შეხვედრა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების, სამუშაო ვითარებაში, განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება IV ეროვნული კონფერენციის ჩატარების თარიღი გადავწიოთ ერთი წლით, იმ იმედით, რომ 2022 წლის სექტემბრისთვის პანდემია იქნება დასრულებული და შესაძლებელი გახდება ადამიანთა ჯანმრთელობისათვის მინიმალური რისკებით კონფერენციის ტრადიციულ ფორმატში, რეალურ სივრეში, ჩატარება.
ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ წარმოდგენილ საკონფერენციო სტატიებს ჟურნალის „გლობალიზაცია და ბიზნესი“ სარედაქციო კოლეგია, ავტორების სურვილის შემთხვევაში, განიხილავს შესაბამისი სტანდარტული მოთხოვნებისა და პუბლიკაციის ტექნოლოგიების დაცვით, ჟურნალის უახლოს ნომრებში შესაძლო გამოქვეყნების მიზნით.

საქართველოს ეკონომისტთა ეროვნული კონფერენციის სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე - აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
 

თარიღი: 26/07/2021